ბათუმში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

13-15 ივნისს ბათუმში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა. ეს საქართველოში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენციაა, რომლის ორგანიზებაც ახლად შექმნილმა საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გააკეთა. კონფერენციის გენერალური სპონსორი გახლდათ ჯივისი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი შემფასებლები, სახელმწიფო ორგანიზაციები, აუდიტორული და საშემფასებლო კომპანიები, საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია სამეცნიერო პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. გამომსვლელთა მოხსენებები ეძღვნებოდა ბიზნესის, უძრავი ქონების და სხვა აქტივების შეფასების აქტუალურ საკითხებს, რომლებსაც საბანკო უზრუნველყოფისა და ფინანსური ანგარიშგებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე განიხილეს მეთოდოლოგიური საკითხები ისეთი რთული და საინტერესო აქტივების შესაფასებლად, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შემოსავლების მომტანი ქონება (სასტუმროები, ბენზინგასამართი სადგურები, სპორტული კომპლექსები და სხვა) და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტები.

gvc.ge