ქონების ღირებულება წარმოადგენს მისი საკუთრების და განკარგვის უფლების საფუძველზე, სამომავლოდ მისაღები სარგებლის დღევანდელ ღირებულებას.
არსებობს ქონების სხვადასხვა ტიპები, შესაბამისად განსხვავებულია მათი შეფასების მეთოდები. ამ ბლოგში განვიხილავთ უძრავი ქონების შეფასებას, მოძრავი ქონების შეფასებასა და ბიზნესის შეფასებას.
უძრავი ქონება წარმოადგენს ქონების ისეთ ტიპს, სადაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთი და მასზე უძრავად განთავსებული სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი თუ ხელოვნური გაუმჯობესება, ისეთი როგორიც არის: შენობა, ნაგებობა, ბიოლოგიური აქტივი (ხე-მცენარე), სასარგებლო წიაღისეული და სხვა.
მოძრავი ქონება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ქონებას, რომელიც არ განეკუთვნება უძრავი ქონების კატეგორიას, არის მატერიალური სახის და შესაძლებელია მისი ფიზიკური გადაადგილება. მაგალითად: ავტომობილები, მანქანა-დანადგარები, საოფისე აღჭურვილობა, ავეჯი, სასაქონლო-მატერიალური მარაგები, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები და სპეცტექნიკა.
ბიზნესიც არის ქონების ტიპი, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ორგანიზაციის ან საწარმო ერთეულის სახით, რომელიც ახორციელებს კომერციულ, ინდუსტრიულ, ან პროფესიონალურ საქმიანობას. ბიზნესის ღირებულება ძირითადად განისაზღვრება მისი კომერციული პოტენციალის შეფასებით, აქტივების, ვალდებულებების და ფულად ნაკადების ანალიზის საფუძველზე.
უძრავი ქონების შეფასება კომპლექსური პროცესია, რომლის მიზანია დადგინდეს შესაფასებელი ობიექტების საბაზრო ღირებულება.
უძრავი ქონების ღირებულების შეფასების აუცილებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია დროთა განმავლობაში საბაზრო ფასების ცვლილებებით, რაც განპირობებულია სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენით. მაგალითად: ეკონომიკური ზრდა, საბანკო საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, დემოგრაფიის დინამიკა, საკანონმდებლო ცვლილებები, ინფლაცია, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ტექნოლოგიური პროგრესი,და ა.შ.
უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. შეფასების საჭიროება შესაძლებელია დადგეს არა მხოლოდ გაყიდვის/შეძენის დროს, არამედ ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო აუდიტის, ქონების უზრუნველყოფის, სასამართლო დავების, კომპანიების შერწყმის და სხვა მრავალი პროცესის მიმდინარეობის დროს.
ქონების ზუსტი შეფასება ეყრდნობა საბაზრო ინფორმაციის შეგროვებას და მის სისტემურ ანალიზს.
უძრავი ქონების ღირებულების დასადგენად შეფასებაში გამოიყენება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული სხვადასხვა მიდგომები, კერძოდ, საბაზრო მიდგომა (Market Approach), შემოსავლის მიდგომა (Income Approach) და დანახარჯის მიდგომა (Cost Approach).
მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გააზრება, რომ შეფასება ხორციელდება კონკრეტული შეფასების თარიღისათვის და ის არ არის ერთჯერადი მოვლენა.
როგორც წესი, სხვადასხვა გარემო ფაქტორები დროთა განმავლობაში იცვლება, რაც პერიოდულად გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე. შესაბამისად, ობიექტის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადოს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქტივის ღირებულება რეგულარულად გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისი ღირებულებით ასახვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს აღნიშნულის გადაფასება.
მოძრავი ქონების შეფასება დაკავშირებულია ობიექტის ღირებულების დადგენასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან.
მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მუდმივად იცვლება, რაც ძირითადად გამოწვეულია სამეცნიერო/ტექნოლოგიური პროგრესით.
გარდა ამისა, ფასებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და საგადასახადო პოლიტიკის ცვლილება, რის გამოც აუცილებელი ხდება ქონების პერიოდული გადაფასება.
მოძრავი ქონების შეფასება შესაძლოა დაგჭირდეთ მასზე თითქმის ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას. მაგალითად: ყიდვა-გაყიდვა, სესხის უზრუნველყოფა, ქონების დაზღვევა, ზარალის შეფასება, აქტივის კომპანიის ბალანსზე ასახვის/ჩამოწერის მიზნით.
ასევე, მოძრავი ქონების შეფასება საჭიროა მაშინ, როდესაც სამოქალაქო უფლებების ობიექტი (ქონება, ქონებრივი უფლებები და სხვა) მიმოქცევაში ერთვება და მასზე ხორციელდება სხვადასხვა ოპერაციები.
მოძრავი ქონების შეფასება ხდება სხვადასხვა გარიგებების პროცესში, როდესაც საჭირო ხდება არსებული უფლებების დადგენა, შეცვლა.
უძრავი ქონების შეფასების მსგავსად, მოძრავი ქონების შესაფასებლად, ქონების ტიპიდან და შეფასების მიზნიდან გამომდინარე, გამოიყენება საბაზრო, შემოსავლის და დანახარჯის მიდგომა.
მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების ცოდნა დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია ამა თუ იმ აქტივის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში დაგიცავთ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგისგან.
ბიზნესის შეფასება გულისხმობს მთელი ბიზნესის ან კომპანიის კონკრეტული ერთეულის ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრის ზოგად პროცესს.
ბიზნესის შეფასება შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი რეალური ღირებულების დასადგენად სხვადასხვა მიზნობრიობით.
ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა სახის აქტივის: უძრავი ქონების, ძირითადი საშუალებების, მანქანა-დანადგარების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება.
გარდა ამისა, ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტიანობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე.
შეფასების პროცესში ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მომტანი შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.
ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება, ფაქტობრივად წარმოადგენს ორგანიზაციისა თუ საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსურ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ ანალიზს.
ბიზნესის შეფასება უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული ფულადი მაჩვენებლის განსაზღვრა. ეს არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიაში მიმდინარე შიდა პროცესების უკეთ წარმოჩენას.
რაც უფრო მალე ისარგებლებთ პროფესიონალური საშემფასებლო სერვისით, მით უფრო მეტი დრო გექნებათ, რომ სტრატეგიულად დაგეგმოთ და ოპტიმიზაცია გაუწიოთ თქვენს ბინზესს, რათა მეტად წარმატებულად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
ბიზნესის შეფასების მრავალი მიდგომა და მეთოდი არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით, კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკიდან და შეფასების მიზნიდან გამომდინარე, შესაბამისი რელევანტური საშემფასებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით, დავადგინოთ თქვენი ბიზნესის რეალური ღირებულება.
ჩვენი სერვისის ღირებულება არ არის ფიქსირებული და აგრეთვე, არ არის დამოკიდებული ობიექტის საბოლოო შეფასებულ ღირებულებაზე. იგი გამომდინარეობს ტექნიკური დავალების სირთულიდან.
ტექნიკური დავალების სირთულე განსაზღვრავს, შესაფასებელი ობიექტის ტიპი, შეფასების მიზანი, შეფასების თარიღი, თუ რა პროცესში უნდა იქნეს გამოყენებული შეფასების ანგარიში და სხვა ფაქტორები.
სერვისის ღირებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:
დამატებით, იხილეთ საშემფასებლო კომპანია GVC-ის ვებგვერდი www.gvc.ge, სადაც დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და პარტნიორი კომპანიების შესახებ.